გოროვანი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (წეროვნის თემის საკრებულო), სხალტბის სერის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 650 მეტრი, მცხეთიდან 9 კილომეტრი.

ისტორია:

ისტორიულ წყაროებში პირველად XII საუკუნიდან მოიხსენიება. საბუთებიდან ჩანს, რომ გოროვანი ყოფილა წმინდა ევაგრეს ნასყიდი სოფელი, რომლის შეწირულობა 1170 წელს მეფე გიორგი III-მ განუახლა შიომღვიმის მონასტერს. 1392 წელს სითარხნის გუჯრის მიხედვით, გოროვანი მცხეთის საკათოლიკოსო სოფელია. გოროვანი 1447 და 1559 წელს საკათოლიკოსო მამულების გუჯრებშიც არის მოხსენიებული. 1741 წელს წყალობის წიგნის მიხედვით, კათოლიკოსმა დომენტიმ გოროვანი გადასცა გედევანიძეს. ვახუშტი ბატონიშვილის სოფელთა სიაში გოროვანი სამუხრანოს კუთვნილებაა.

სოფლის განაპირას დგას აგურითა და ნატეხი ქვით ნაგები ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. აგებულია 1830 წელს. დასავლეთი კედლის კეხზე მოგვიანებით სამრეკლოს ფანჩატური დაუშენებიათ. ინტერიერში, აფსიდის კონქში, XX საუკუნის საკმაოდ მდარე ხარისხის მოხატულობაა შემონახული.

დემოგრაფია:

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 457 ადამიანი.



Comments

Popular posts from this blog

გალავანი

ახალუბანი

ახალსოფელი